რაც გვწამლავს, იმითვე განვიკურნოთ _ ვანო ექიმის გეგმები

  

არ დავაყოვნებ და პირველ „საქმიან“ პოსტს დღესვე შემოგთავაზებთ.

საქმე მეტისმეტად კონკრეტულია და ეხება, ერთ უწყინარ ინტერვიუს. ისე, რაა აქ განსახილველი, განა რამე უცნაურია იმაში, რომ მინისტრი ინტერვიუებს იძლეოდეს? რომელი მინისტრი არ იძლევა ინტერვიუებს, თუნდაც ყველაზე უტყვები. სადაც თევზაძის ინტერვიუები გვახსოვს თავისი ფილოსოფიური პასაჟებით, ბატონი ვანო ვისზე ნაკლებია.

ინტერვიუს გადმოკოპირებას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთ აბზაცს წარმოგიდგენთ:

„იცით, გივი თარგამაძემ 2008 წლის აგვისტოში რუს სამხედროებს 50 ათასი დოლარი შესთავაზა, გორში სტალინის ძეგლი რომ დაენგრიათ. მაშინ ხომ არაოფიციალური კონტაქტები იყო, და ფულით რუსებისგან რაღაცების გამოსყიდვა შეიძლებოდა. გორი ხომ დაბომბეს, მაგრამ სტალინის ქანდაკებისთვის ხელი არ უხლიათ“ („ლიბერალი“; №26).

                           

ეს სტალინის ძეგლი ყოველთვის თვალში გვეჩხირებოდა. ახლა არ გამოხტეთ რომელიმე ფუნდამენტალისტი და არ თქვათ, რომ ეს ისტორიაა, ეს აუცილებელია და მსგავსი სისულელეები. სტალინის ძეგლი მარაზმია და ცხადია უნდა დაგვენგრია.

მაგრამ აქ ჩნდება მეორე კითხვა: ვის უნდა ეთავა ეს საქმე? განა სტალინის რეჟიმის პირმშოები, შევარდნაძის მეთაურობით, ამას ოდესმე იზამდნენ? ცხადია, ეს კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია.

ვინ ვინ და რევოლუციონერი მეამბოხეების დანიშნულება გახლდათ ძეგლის დანგრევა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მთავრობა ზრუნავს ხალხზე. არ იცით რა ჯინიანებიც ვართ, ასე პირდაპირ რომ დაენგრიათ, ხომ ავტეხავდით ერთ ამბავს, არიქა და ამ ლაწირაკებს თავი ვინ გონიათო? აბა რას ვიზამდით, ყველაფერი საპირისპიროდ უნდა გავაკეთოთ. ეს კი იცოდნენ ჩვენი რევოლუციის პირმშოებმა და არ აგვაბუნტეს, სამაგიეროდ,  ნახეთ რა მოიფიქრეს: რუსები მოიტყუეს გორამდე და უწყოდნენ რა, მათი ხარბი ბუნების შესახებ, ქრთამი შეთავაზეს! გეგმა, შხამს შხამი კურნავს, უნდა ამოქმედებულიყო! დაე, მათივე ბელადი მათივე ხელით განადგურებულიყო! ბრავო, ძალიან ირონიულია და მახვილგონივრული. წარმოიდგინეთ, რუსები სტალინის ძეგლს ანადგურებენ გივი თარგამაძის მიერ შეთავაზებული ფულით! შესანიშნავია! ამის შემდეგ, საქართველოს იმიჯი, აშკარად გაიზრდებოდა.

ცოტათი დაფიქრდით და მიხვდებით ამ ნაბიჯის უნიკალურობას. დავუშვათ, დაენგრიათ. მაშინ რა გამოვიდოდა? რუსები ფულის სანაცვლოდ ყველაფერს ჩადიან და სტალინის ძეგლსაც კი აფეთქებენ! ფუჰ, ეგ საზიზღრები! და რომ არ აეფეთქებინათ (საბოლოო ჯამში ასეც მოიქცნენ და სხვა რაღაცეები ააფეთქეს სანაცვლოდ, მაგრამ ამ თემას ნუ შევეხებით, ესეც ალბათ რაღაც გეგმის ერთი ნაწილი იქნებოდა)? მაშინ, გამოდის, რომ რუსები ჩარჩენილები არიან! ფუჰ, სტალინისტები, კომუნისტები, წითლები, დამპლები, ნახეთ, ამათ ვინ უნდა დაინდონ, პროგრესი ამათთვის საგინებელი სიტყვაა!

დიდი მადლობა ვანო, რომ ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლია, მაგრამ შეიძლება ხალხმა ვერ გაგიგოს მაინც. არ იცი, ბრბოა რა, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს. ახლა დაიწყებენ ვიღაც ახალგამოჩეკილი ოპოზიციონერები იმის მტკიცებას, რომ ეს დანაშაულია, რომ როგორ თუ ქრთამს აძლევდით მტრის ჯარს, რომ როგორ თუ ომის დროს ჩვენი ტერიტორიის კიდევ უფრო დარბევას სთავაზობდით და ამისთვის ფულსაც კი უხდიდით, მოღალატეებო, მკვლელებო, ბლაბლაბლა… ნუ, როგორც იციან ხოლმე რა, აჭიჭყინდებიან, ცოტათი ქულებს დაიწერენ და მერე გაჩერდებიან. მაგრამ ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქისა და პატრიოტის, თხოვნა იქნება პირადად შენს მიმართ, რომ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიო უკან!

დიახ, დიახ. შეიძლება რაღაც გეგმა შემოგთავაზო? ბოლობოლო, სახემწიფოს, ხომ ყველანი ერთად ვაშენებთ. აი მაგალითად, რა ვქნათ იცი, შემოვიტყუოთ რუსები თბილისში (ხალხი მაინც მიჩვეულია უკვე) და ბრახ და ყველა შენობა, რასაც კომუნისტური წარსული აქვს, ავაფეთქებინოთ! იფიქრე ამაზე, ვანო. ნუ ცოტათი ფული შეიძლება გამოგვძალონ, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ, თბილისს გავწმენდთ ნაცრისფერი კორპუსებისგან, საბჭოთა სიმბოლიკისგან და ა.შ. განა არ ამართლებს მიზანი საშუალებას? მოიცა, მოიცა, იქნებ, ჩვენი პრეზიდენტიც სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ახალ თბილისზე საუბრობს? ღმერთმა ქნას, ღმერთმა. მე მომხრე ვარ თქვენი და სრულიად გენდობით!

თქვენი არ ვიცი ძვირფასო მკითხველო და მე კი მომბეზრდა რა ეს „ხრუშოვკები“. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ძველი, რომ ავაშენოთ ახალი და ახლის შენება დამპალ საფუძველზე არ გამოვა, არა! შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ. დაიწერეთ და ძილის წინ იმეორეთ!

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს ეპოქაში. უნდა შეგვეცვალოს მენტალიტეტი, სხვაგვარად აზრი არ აქვს არსებობის გაგრძელებას. ვანო, ნაცადი ხერხებით (რა კარგი იქნებოდა სტალინის ძეგლი რომ აეფეთქებინათ რა, ეეჰ… მაგრამ არა უშავს, ჩემს მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე, უარს ვეღარ იტყვიან, დარწმუნებული ვარ), ყველანაირი საშუალებით, გთხოვ, რომ ვაიძულოთ გველი საკუთარი თავი გადაყლაპოს. ვანო, გთხოვ შხამი შხამითვე გამოვდევნოთ! ასე უფრო სამართლიანი იქნება. დაე, თავადვე დაანგრიონ ის, რაც მათი აშენებულია, დაე! მე თანახმა ვარ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s


%d bloggers like this: