მინდა მომდევნო რამდენიმე პოსტი, მივუძღვნა ამ თემას. მოკლედ, რა ხდება…
თუმცა, ჯერ სანამ გეტყოდეთ, რაზე მინდა ვისაუბრო, მანამდე გეტყვით, თუ რატომ არ ვიღებდით ხმას ეს დღეები. საქმე იმაშია, რომ კომედიანტი სოდ_ის იზოლატორშია მოთავსებული. ჩვენ ხომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ არა? ჩვენთან ხო მედია თავისუფალია? ჰოდა, ა ბატონო თქვენი თავისუფლება. ხმა გამოვიდა, რომ ბატონი ვანო თავად აწარმოებს დაკითხვებს. თუმცა ეს იქით იყოს, მერე ამ თემასაც მივუძღვნი ერთ პოსტს.
ახლა კი ვისაუბროთ ლესტვერის გამგებელზე. ვინ არის ის?
ჩვენ, ხელში ჩაგვივარდა ბატონი ჯანოს შესახებ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გადავწყვიტეთ მას დავკავშირებოდით, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
ცხადია, ვანოზე გამწარებულებს, ეს არ დაგვაკმაყოფილებდა და შევუდექით კვლევა_ძიებას. გამოვკითხეთ მოქალაქეები, ბატონი ჯანოს დედისგან ვიყიდეთ ძროხა და შედეგად, მოვიპოვეთ მისი დღიურიც. მის თანამშრომლებს ვესაუბრეთ და შევაგროვეთ მასზე უამრავი გულწრფელი და ანონიმური მოსაზრება. ეს ყველაფერი კი თქვენ აუცილებლად დაგაინტერესებთ. ამაში დარწმუნებული იმ მარტივი მიზეზის გამო ვარ, რომ ყოველი მეორე თქვენგანი პირწავარდნილი ჭორიკანაა.
(გაფრთხილება: სურათზე გამოსახული პიროვნება არ გახლავთ ბატონი ჯანო, რომელზეც აქ და ქვემოთ ვილაპარაკებთ. საქმე მარტივადაა: ამ მეტად სახასიათო სურათს, გუგლში წავაწყდი. რა ჩემი ბრალია, რომ “გამგებელი”ზე ეს სურათი ამომივარდა? დიდი მადლობა სურათის ავტორს და სურათზე გამოსახულ პიროვნებას, რომ ჩვენი პოსტი უსურათოდ არ დატოვა.)
ვინ არის ბატონი ჯანო?
ის დაიბადა 1959 წლის 21 დეკემბერს. არის მაღალი და სოფელ ლესტვერის მაცხოვრებელთა კვალობაზე, საკმაოდ ქარიზმატულიც. ლაპარაკობს ლესტვერულ აქცენტზე და არის პატრიოტი_ნაციონალი, როგორც მისი პარტბილეთი გვაუწყებს ამას. ბატონი ჯანოს ჰობია ნადირობა, ცოლის მიერ შიშველ თითებს შორის მოფერება და სამდღიანი ქეიფი. „მეტი უკვე მარაზმია“ _ ამბობს ის ამ უკანასკნელი გატაცების თაობაზე. ბატონი ჯანო ხალხს უყვარს, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ჰგონია. ბატონ ჯანოს ყავს ერთი ცოლი და 13 შვილი _ ის ამ ციფრს მიაწერს პატრიარქის მოწოდებას დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების შესახებ. 5 წლის წინ კი ამბობდა, რომ უბრალოდ პრეზერვატივით სექსი არ ეხატებოდა გულზე. ბატონ ჯანოს ყავს ერთი საყვარელიც.
მოკლედ, დღეიდან, მე, ბიჭი ნაზარეთიდან, რამდენიმე საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ ბატონ ჯანოზე და ვეცდები გავაქარწყლო მის შესახებ გავრცელებული ათასგვარი ჭორი. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ამ კაცს!
კომენტარის დატოვება